ამ წუთებში მძიმე მდგომარეობაა სოფელ ოზურგეთში, სადაც ოზურგეთი – ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობა მეორე დღეა, უშუქოდ და მთელი დღეა, უგზოდაა დარჩენილი.
როგორც ადგილობრივი ნონა კვერღელიძე “გურიის მოამბეს” ეუბნება, გაუწმენდავ თოვლში ჩავარდნილი ავტომანქანის ამოსაყვანად, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, 112-ში დარეკვა მოუხდა: “სხვანაირად ვერ მოვახერხებდით სახლამდე მოსვლას. იქ ისეთი სიტუაციაა, უბრალოდ წარმოდგენაც რთულია. ეს მანქანები ჩაფლული თოვლში, გაუწმენდავი გზა და უშუქობა. გუშინ საღამოს ხუთ საათზე რომ წავიდა შუქი, ამ დრომდე ჩაბნელებულია ყველაფერი. გამგებელს, ბადრი თავდუმაძეს(მერის წარმომადგენელი სოფ. ოზურგეთში) ვურეკავთ და დილიდან ყველა დარეკვაზე იძახის-“ერთ საათში მოვა ტრაქტორი” – ო. მადლობელი ვარ სამაშველო სამსახურის, ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. იქ პატრულიც იყო და რომ ვკითხე, გზები რატომ არის ასეთ მდგომარეობაში, ტექნიკა ხომ გყავთ-მეთქი, სადაა ტექნიკა, გრეიდერები გაფუჭებულიაო”-გვიყვება ქალბატონი.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, არა მარტო აღნიშნულ მონაკვეთზე, არამედ რამდენიმე სოფელში გზების გაწმენდა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ასევე ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია აბონენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს, რისი მიზეზიც ძირითადად წაქცეული ელექტრობოძები და დაწყვეტილი ხაზებია.