“პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ჟან მონეს დიალოგში” მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა… თბილისში, 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება” – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი ავრცელებენ:
როგორც “ჟან მონეს დიალოგის” თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა. ვიზიტი მიზნად საქართველოს პარლამენტთან “ჟან მონეს დიალოგის” პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლას ისახავდა, რომლის მიზანიც, უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება იყო.
“ჟან მონეს დიალოგის” პროცესი მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესის გათვალისწინება შეუძლია. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპისთვის არ შესრულებულა.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად.
ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში და მზად ვართ, საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში დავეხმაროთ. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ჟან მონეს დიალოგის პროცესის ხელშემწყობი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძველი მოამზადოს, – ნათქვამია განცხადებაში.