პარაგრაფის ყოფილი თანამშრომლები სასტუმროს მენეჯმენტს არაადამიანურ მოპყრობას, დამცირებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
როგორც ყოფილი თანამშრომლები შაბათის ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სასტუმროს მენეჯერი ზაზა ოქროპირიძე მათ მუდმივ სტრესში ამყოფებდათ.
“ერთ-ერთი თანამშრომლის დასუფთავებული არ მოეწონა, გაღიზიანდა და ასე თქვა: ხომ ამოვახეხინე ხელით, ანუ ხელი ჩააყოფინა და ხელით ამოახეხინა საპირფარეშო. მეორე დღეს ხმამაღლა განაცხადა, შემდგომში თავს ჩავაყოფინებო“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
სამუშაო დღე 9 საათზე, ნახევარსაათიანი თათბირით იწყებოდა. შემდეგი ნახევარი საათი საუზმისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, თუმცა, როგორც თავად ყვებიან, კვებაზე უარს ხშირად იმის გამო ამბობდნენ, რომ 6-საათამდე ყველა ნომრის დასუფთავება მოესწროთ და სახლში სამსახურის ავტობუსით დაბრუნებულიყვნენ.
“იმის გარდა რომ გაწერილი გვქონდა დავალებაში 12-14 ნომერი, თან უნდა აღინიშნოს, რომ ნომერში შეიძლება იყოს ზოგში 3 და ზოგში 2 ოთახი, რომ დავალაგებდით ამ რაოდენობის ნომრებს, მერე უნდა მოგვესწრო დერეფნების დასუფთავება, სართულებზე საწყობების დასუფთავება. თავად ამოწმებდა და რაიმე ჯაგრისი იქ რო არ ყოფილიყო, იცოდა რომ ავტობუსი გარეთ იდგა და გველოდებოდა, ბოლო წუთს უნდებოდა ყველაფერი სპეციალურად. უნიფორმით წავსულვართ ბევრჯერ იმიტომ რომ გამოცვლის დრო არ გვქონდა და ავტობუსი არ გველოდებოდა”, – ამბობს ყოფილი თანამშრომელი ანასტასია.
იხსენებენ, რომ თუ გაუმართლებდათ და დროს კაფეტერიაში ჩასასვლელად გამონახავდნენ, უთქმელად იცოდნენ, რომ ზაზა ოქროპირიძე ამასაც ხედავდა და მისთვის ესეც დანაშაული იყო.
“გვაძლევდნენ ბევრ ნომერს და თუ ვერ მოვასწრებდით 12-მდე ვრჩებოდით. ამიტომ მე მაგალითად, ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ საჭმელადაც არ ჩავსულვარ, რომ მომესწრო და 6 საათზე სამსახურის ავტობუსით წავსულიყავი სახლში”, – ამბობს დარიკო.
სასტუმროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ვინაობას განზრახ არ ამხელს. თუმცა, ჰყვება იმ ცრუ დაპირების შესახებ, რომელიც მისცეს. მას ჰპირდებოდნენ, რომ დასუფთავების დეპარტამენტიდან რესტორანში 2-კვირიანი ტრენინგის შემდეგ გადაიყვანდნენ, მაგრამ ბოლოს უთხრეს, რომ დასუფთავების დეპარტამენტში თანამშრომლების ნაკლებობის გამო, არ გადაიყვანენ.
ყოველდღიური შეურაცხყოფისა და მუდმივი სტრესის ატანა, სასტუმრო პარაგრაფის დასუფთავების დეპარტამენტში თვეში 550 ლარით ფასდება. ისიც იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი არცერთ დღეს არ გააცდენს. პროფესიულ კიბეზე კი წინ მხოლოდ ის მიიწევს, ვინც მენეჯერს საჩუქრებს მიუტანს.
“გაცდენები თუ არ გექნებოდა 550 ლარამდე ადიოდი, მაგრამ მე არ ამიღია მაგდენი არასდროს, თან არ ვაცდენდი. გავიგე, რომ ზაზას საჩუქარს ვინც მიუტანდა, ის ყველაზე კარგი იყო, გოგოებისგან მასე ვიცოდი, მაგრამ მე არაფერი მიყიდია და არც ვუყიდი, რომ დამაწინაუროს“, – ამბობს დარიკო.
კიდევ ერთი თანამშრომლის თქმით, დასაქმებულებს შეურაცხყოფას გარეგნობის გამოც აყენებდნენ.
“ძირითადად საქართველოში ყველგან ირღვევა თანამშრომლის უფლებები, იმაზე ორმაგს გამუშავებენ სულ, მაგრამ ამ ყველაფერს დამატებული ის რომ პირად შეურაცხყოფას გაყენებენ გარეგნობაზე, შე მსუქანო, შე მახინჯო, მადლობა თქვი რომ ასეთი ტუალეტი ნახე და დილიდან სტრესს იღებ და შემდეგ დასტრესილი აგრძელებ მუშაობას ძალიან ცუდია”, – აღნიშნავს ხატია.
პარაგრაფის ყოფილი თანამშრომლებიდან ზოგი დღემდე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ხსნარებისგან მიღებულ ალერგიას მკურნალობს, ზოგიც ხერხემლის დაზიანების გამო ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება. უმეტესობა კი ემიგრაციაში უკეთესი სამუშაო პირობების იმედად გადაიხვეწა.
სასტუმრო პარაგრაფი ბრალდებებს Facebook-პოსტით გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.