ლევან მურუსიძის ხელფასმა 2012-19 წლებში 555 000 ლარს გადააჭარბა – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
2005 წელს, როცა ლევან მურუსიძემ სამოსამართლო საქმიანობა დაიწყო, მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 ლარი ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის სახით კი მას 550 ლარი ჰქონდა;
ამის შემდეგ მურუსიძემ $105,000 დოლარის ღირებულების 4 უძრავი ქონება შეიძინა და ავტომობილი, რომელშიც 102,000 ლარი გადაიხადა, მიიღო $50,000 დოლარის საეჭვო შემოსავალი, ანგარიშზე კი 13,000 ლარი აქვს განთავსებული – წერს “ფლანგვის დეტექტორი”
მათივე ინფორმაციით, გახმაურებული საქმეების მოსამართლემ, რომელსაც ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან ფიგურად მოიხსენიებენ, პირველი უძრავი ქონება, ბინა თბილისში 2009 წელს შეიძინა 40,000 აშშ დოლარად, ამას მოჰყვა ავტოფარეხი – 5000 აშშ დოლარად 2015 წელს, 2017 წელს მცხეთაში მიწის ნაკვეთი – 10,500 აშშ დოლარად, 2020 წელს კი მოსამართლემ დაასრულა მცხეთის ნაკვეთზე დაწყებული აგარაკის მშენებლობა, რომლის ღირებულება 50,000 აშშ დოლარია.
გარდა ამისა, მურუსიძემ მიმდინარე წელს შეიძინა ავტომობილი მერსედეს-ბენცი, რომელშიც 102,000 ლარი გადაიხადა.