შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის კაცმა, კარლო მეგრელიშვილმა, დანაშაული აღიარა და მოსამართლეს სასამართლო პროცესზე და თავზე მიყენებული დაზიანებაც აჩვენა.
ბრალდებული აცხადებს, რომ შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, აგდებდა სახლიდან და ხშირად ეჩხუბებოდა:
“ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე… არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრიე ჩემი სახლიდანო… მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც…
ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, დავჯდები, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს- მიმართა მან მოსამართლეს.
82 წლის მოხუცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიება მომხდარზე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.