თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ის საზოგადოებას სიტყვით დღესაც მიმართავს.
უფლებადამცველები დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ადვოკატების თქმით, ჩუბინიძის გამოკითხვა დაადასტურებს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის “გაფლანგვისთვისაც” მიხეილ სააკაშვილს ბრალდება აქვს წარდგენილი, სრულიად ლეგალურია.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. ადგილზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება. ჯამში საუბარია დაახლოებით 9 მილიონ ლარზე.