დეკანოზი ილია ჭიღლაძე დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებაზე გაკეთებულ შშმ ბავშვების მიმართ დისკრიმინაციულ განცხადებას გამოეხმაურა.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ Facebook გვერდზე უერთდება საზოგადოების აღშფოთებას შალვა კეკელიას შეუფერებელი სიტყვების გამო.
“მრცხვენია, რაც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ეკლესიაში, ღმერთმა დალოცოს ყველა გვარი და ყველა ადამიანი. ღმერთი არავის არ მოჰკთხავს სხვის ცოდვას, ყველა პასუხს აგებს საკუთარ შეცდომებზე! ეს დოგმატური ღვთისმეტყველების ელემენტარული სწავლებაა!” – წერს სასულიერო პირი
დეკანოზი ასევე წერს, რომ საეკლესიო ხელდასხმა პირს მხოლოდ მღვდელმოქმედების მადლს აძლევს და არა გამოცდილებას და ინტელექტს, ხოლო ეკლესიაში კარიერული წინსვლის უპირველეს საზომად იქცეს განათლებულობა და არა პოპულისტობა.
“გონებაშეზღუდულს და უმეცარს რომ საეკლესიო ხარისხში აკურთხებ და პატივსა და დიდებას არ დააკლებ, ამით მისი გონება, აზროვნება და ინტელექტი ვერაფრით ვერ განვითარდება, პირიქით უფრო მეტ სისულელეს და სიბრიყვეს მოვისმენთ უფრო მეტი თავდაჯერებითა და სიშლეგით. აუცილებელია, ქართულ ეკლესიაში კარიერული წინსვლის უპირველეს საზომად იქცეს განათლებულობა-სწავლულობა პირად სათნოებებთან ერთად და არა პოპულისტობა, რომელიც შეზავებული იქნება ზემდგომის მიმართ უბადლო მეხოტბეობა-მლიქვნელობით და მონურობით.” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე