1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.
1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. წითელარმიელების მასიური შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განახორციელდა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან , დანარჩენი სამი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.
საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა – იუნკერებმა.
19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის მაკარ ბურჭულაძე, აკაკი და გედეონ ხუნდაძეები.
• სპორტისა და სპორტული ღონისძიებების ცენტრის ორგანიზებით, დღეს დაიწყო ჩოხატაურელი იუნკერების მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების სახელობის ტურნირი ფუტსალში.
• ტურნირში მონაწილეობას იღებს 8 სოფლის გუნდი, გამარჯვებული 24 თებერვალს დაჯილდოვდება თასით და ფულადი პრიზით.
• ტურნირის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.