იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა, – ამის შესახებ იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული.
CNN-ის ინფორმაციით, ხომალდი, სახელწოდებით “SY A”, რომელიც ტრიესტის პორტში იყო გაჩერებული, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება.
ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მელნიჩენკო და 36 სხვა ბიზნესმენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პოტენციური ეკონომიკური ზემოქმედების განხილვა იყო.
„ის ფაქტი, რომ მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმერ პუტინის უახლოესი წრის წევრი და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში,“- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.