საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ “კარგია, რომ თამრიკო ჭოხონელიძე გალობდა ხანდახან”, თუმცა ის მგალობელი არაა და ეს მის მიმართ “შეღავათი და გამონაკლისი” იყო.
კითხვაზე, თუ რატომ შეიცვალა ახლა, როცა ჭოხონელიძე შობის ღამეს 10 წლის განმავლობაში გალობდა, ჯაღმაიძე პასუხობს, “არაუშავს, მერე რა?!”
“სუხიშვილების ანსამბლმა ლასკალაში ჩაატარა კონცერტი 1967 წელს და თუ დღეს აღარ ატარებს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცა…”- ამბობს ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, მან არ იცის, თუ ვინ იგალობებს შობის ღამეს.
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ თქვა, რომ ეთერში გაკეთებული ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო ის “დასაჯეს” და შობას აღარ იგალობებს.
თამრიკო ჭოხონელიძემ 2019 წლის 14 მაისს თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არაა მართებული. როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქციაში აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.