ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში ოსი ჯარისკაცების უკვე მეორე პარტია წაიყვანეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი სოცქსელში ღიად აფიქსირებს პროტესტს, 150 მეომრის გაგზავნის თაობაზე. ისინი აცხადებენ, რომ ანატოლი ბიბილოვი იაფფასიან და საშინელ პიარს იკეთებს რუსულ მედიაში:
“სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა წაიყვანეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება – არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენვე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, – ნათქვამია ერთ-ერთი ოსური ფეისბუქგვერდის Iron Bonværnon-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.