“ჩვენ ვხედავთ მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, გადამწვარ სახლებს და ვერ ვიგებთ, რატომ მოხდა ასეთი რამ 21-ე საუკუნეში, როგორ მივიდა მსოფლიო იქამდე, რომ ევროპის შუაგულში ასეთი უბედურება დატრიალებულიყო?!” – ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი:
”- დილიდან საღამომდე ტელევიზორს ვუყურებ, რომ ახალი ინფორმაცია გავიგო, ვცდილობ, არაფერი გამოვტოვო და ძალიან განვიცდი, როცა უდანაშაულო ხალხი იხოცება. როგორ გაბედა რუსეთმა, სუვერენულ ქვეყანას თავს დასხმოდა? – როგორც 2008 წელს საქართველოში გაბედა და როგორც ბედავს ყოველთვის. ყველამ ვიცით, რუსეთი როგორი ქვეყანაა – იქ არანაირი თანამედროვე სტანდარტი არ არსებობს. ჩვენც, მათი წყალობით, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ: როცა უნდათ, მავთულხლართებს გადმოიტანენ, ბოძებს სადმე დაარჭობენ და სადაც მოუნდებათ, ე.წ. საზღვარს იქ ავლებენ. ეს არის კორუმპირებული, ბანდიტური ქვეყანა და მისი ჯარისკაცებიც შესაბამისად იქცევიან. უკრაინაში დატრიალებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსეთს მკვლელი მართავს.
რუსეთში ყველას იჭერენ, ვინც პროტესტს გამოთქვამს?! ქუჩაში ხუთი კაცი რომ გამოვიდეს, მაშინვე აკავებენ და მიჰყავთ, თორემ იქაც ცხოვრობს ნორმალური ხალხი, რომელსაც ნორმალურ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უნდა! მეც მგონია, რომ ისევ ამ ხალხმა უნდა მოინდომოს და უსამართლობის წინააღმდეგ აზვირთდეს. ახლახან ისრაელში ვიყავი. იქ ბევრს ჰყავს რუსი მეგობრები, ნაცნობები და ყველა ჩივის, მთელი მსოფლიო ერთი შეშლილი კაცის ხუშტურებზე რატომ დადისო… პროგრესულად მოაზროვნე რუსებმაც იციან, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხებულია და არ სურთ მის ნანგრევებში მოყვნენ – ეს არავის უნდა. სამწუხაროა, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინასთან ომის მომხრეა, რადგან რუსული ტელეარხებიდან საშინელი პროპაგანდა და დეზინფორმაცია მოედინება. უფრო სამწუხაროა, რომ რუსეთის მოსახლეობა ამ სიცრუეს იჯერებს.
“დათვი თუ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო” რომ გვეუბნებიან, ეს არის პროპაგანდა, რომლითაც კომუნისტები ტვინს გვირეცხავდნენ. რუსებს უძლეველი არმია არ ჰყავთ და ეს ეტყობათ კიდეც: ხან სირიას სთხოვენ დახმარებას, ხან – ჩინეთს, ხან – ვის და ხან – ვის. ჩემი აზრით, რუსეთი ამ ომის შემდეგ დამთავრებულია. უკრაინას სხვა ქვეყნებიც უნდა მიეშველონ და მითი “უძლეველ რუსულ არმიაზე” საბოლოოდ გაქრება. “ბაბაია” დიდხანს ეძახეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით არაფერი გამოვიდა. ყველას ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ახლა სწორედ მისი ნამსხვრევები გვეყრება. ის ბოლომდე არ დანგრეულა, რადგან ჯერ საბჭოთა მენტალიტეტი არ დანგრეულა.” – აცხადებს სეფაშვილი “კვირის პალიტრასთან”.