“ჩაკეტეთ ისე…რომ ბუზმაც არ გაიფრინოს” -პუტინმა “აზოვსტალზე” შტურმის ბრძანება გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია Tass-ი ავრცელებს.

“მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონაზე მიზანშეუწონელია. ვბრძანებ, გაუქმდეს”, – მიმართა პუტინმა შოიგუს, რაზეც მინისტრმა უპასუხა “შესრულებული იქნება”.

Tass-ის ცნობით, პუტინმა ეს გადაწყვეტილება რუსი სამხედროების “სიცოცხლის დაცვით” ახსნა.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა და სეირნობა. ჩაკეტეთ ეს ტერიტორია ისე, რომ ბუზმაც არ გაიფრინოს”, – უბრძანა პუტინმა შოიგუს.

მან მინისტრს ასევე დაავალა, კიდევ ერთხელ მოუწოდოს უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ:

“რუსული მხარე მათ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად სიცოცხლისა და ღირსეული მკურნალობის გარანტიას აძლევს. ყველა დაშავებულს გაეწევა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, შოიგუმ პუტინს უთხრა, რომ მარიუპოლი “სრული კონტროლის ქვეშაა” და “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე მებრძოლები უსაფრთხოდ არიან.

ცნობისთვის, აზოვის ბატალიონსა და აზოვსტალის ბუნკერში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებზე საჰაერო იერიში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. განგაშის სიგნალები ისმოდა, ლუგანსკსა და დონეცკში, დაიბომბა ნიკოლაევიც, სადაც თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share