ევროსაბჭოს რეზოლუცია საჯაროა – დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორი გარემოა საქართველოში, შეასრულა თუ არა “ოცნებამ” ნაკისრი ვალდებულება, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.
“სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების არსებითი კომენტირების გარეშე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია მისი უფლებების სრული პატივისცემა ისევე, როგორც ეს უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში. არსებობს შეშფოთების საფუძველი შიმშილობის დროს მის პირველად მკურნალობასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში, სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის აბუჩად აგდებას, დაცინვას და მუქარას, რაც ფსიქიკურ შეურაცხყოფას უტოლდებოდა და საფრთხის ქვეშ აყენებდა მის პირად უსაფრთხოებას. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული და რევანშისტულია. მან მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – წერია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია სახალხო დამცველის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.
“სასჯელაღსრულების ორგანოების მიერ ბ-ნი სააკაშვილის მიმართ მოპყრობის თაობაზე კრიტიკული აზრის გამოხატვის შემდეგ, ომბუდსმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მთავრობისა და მმართველი უმრავლესობის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რაც სამწუხაროა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და თანამდებობის პირებს, პატივი სცენ ომბუდსმენის მუშაობას და უზრუნველყონ საკმარისი რესურსები ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რადგან იგი წარმოადგენს საქართველოში კონტროლისა და დაბალანსებული სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს”, – ნათქვამია რეზოლუციაში.