“საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მუდმივ და არსებით პროგრესს აღწევს ამ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების პატივისცემის კუთხით, ამას ვაფასებთ, თუმცა რჩება რამდენიმე შეშფოთების საგანი, რაც გადაჭრას საჭიროებს” – ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა, ბობ ვან პარერენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
საბჭოს წევრები ამ პრობლემების მოგვარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ და მოუწოდებენ “ქართული ოცნებას” ეროვნული ინტერესი ვიწროპარტიულ სურვილებზე მაღლა დააყენოს.
“მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საერთო ეროვნული ინტერესი ვიწრო პარტიულ სტრატეგიაზე მაღლა დააყენოს. კიდევ ერთი საკითხი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების ძალისხმევა, ამ მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება, რომელიც ახლა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მშენებლობის გზაზე, რჩება მთავარ შეშფოთების საგნად. ეს საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული და გადაიჭრას.
საბჭოთა ეპოქის დროინდელი ადმინისტრაციული კოდექსის სრული რეფორმირება გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული საქართველო ევროპის ნაწილია, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციის პროცედურების მკაცრ დაცვას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მთავარი პრინციპების დაცვასაც. ევროპის საბჭომ გააძევა რუსეთი მისი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას მის ბრძოლაში აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ასევე ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა აჩვენოს ერთგულება დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისადმი”, – თქვა ბობ ვან პარერენმა.