“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილ დეპუტატს, გედი ფოფხაძეს აკრიტიკებს:
“ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანის დაცემას ვუყურებ. წაბორძიკებას – არა, დაცემას. ყველაფერს კადრულობენ. იმაზე მეტს კადრულობენ, ვიდრე ჩემს გონებას წარმოედგინა. 2020-2021 წლები ჩემთვის ადამიანთა ბუნების შეცნობის უაღრესად მძიმე, მაგრამ სასარგებლო წლები იყო. ამ ცოდნას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით თუ შევიძენდი. ჰოდა, შევიძინე!
აი, გედი ფოფხაძე… ბორჯომში გავიზარდეთ. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. 2016-2020 წლებში, მთელი 4 წლის მანძილზე ჩემს უკან იჯდა პარლამენტში და ერთხელ ხმა არ ამოუღია 2017 წლის ბორჯომის არჩევნებზე. არც პირადად უსაუბრია ჩემთან და არც ტრიბუნა გამოუყენებია, რომ საჯაროდ ეთქვა, თუ რაიმე ჰქონდა სათქმელი. გარწმუნებთ- არაფერი!!! გუშინ კი, ტვ პირველის ეთერიდან გვიყვება, რომ თურმე ბორჯომში პატრიოტების სია სუსს დაუკომპექტებია. თურმე მე მეხმარებოდნენ და “ოცნება” “ოცნების” დეპუტატს ებრძოდა. რა ტყუილს არ დაგაბრალებენ მოწმენდილ ცაზე. გედი ფოფხაძე იმას არ გვიყვება, ბორჯომელებს რა განწყობა ჰქონდათ მის მიმართ. კიდევ ბევრ რამეს არ გვიყვება. “ქართულმა ოცნებამ” არა ერთი გამოკითხვა ჩაატარა ბორჯომში და გედის რეიტინგი ვერც გაიზომა. თვითონ “ქართული ოცნებაც” ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს. აი, ამიტომ გავიდნენ ბორჯომში მეორე ადგილზე და არა იმის გამო, რომ პატრიოტებს ვინმე ეხმარებოდა… მაგრამ აქ ბორჯომის საკრებულოს ისტორია არაა საინტერესო. სწორედ “ქართულმა ოცნებამ” დაშალა, დაანგრია და ძირი გამოუთხარა პატრიოტების ფრაქციას. საინტერესო თვითონ ფოფხაძეა ჩემთვის, როგორც კიდევ ერთი… რიგითი ყველაფრისმკადრებელი”, – წერს ინაშვილი.