მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი – ნიკა მელია

„ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,- ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას.

„დიახ, გავიმარჯვეთ ჩვენ ყველამ ერთად და არა მხოლოდ მე, როგორც გამარჯვებულმა კანდიდატმა. მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც.

ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი და მათაც ვინც არ დამიჭირა! ამ პროცესში ჩართულობა, უკვე თავისთავად მხარდაჭერა იყო ჩვენი – ჩემი, ლევან ვარშალომიძის და ჩვენი ყველა თანამებრძოლის. ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ. ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“,- ამბობს ნიკა მელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ნიკა მელია გახდა. ის გრიგოლ ვაშაძეს შეცვლის. მართალია, საბოლოო შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ლევან ვარშალომიძემ მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა.

შეგახსენებეთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share