თბილისის საქალაქო სასამართლოში, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ნიკა გვარამია შემაჯამებელი სიტყვით წარდგა. გადაწყვეტილება შესაძლოა, ერთ კვირაში გახდეს ცნობილი. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, არ სჯერა მოსამართლის დამოუკიდებლობის, რადგან მისი შეფასებით, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
მან ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში “გარეთ რომ არის, უფრო დიდი პარადოქსია”.
“როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩემს მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, ამ საქმეს პირველ რიგში, ახსენებს 11 ჯერ თავის მოხსენებაში, ეს არის სირცხვილი, ქვეყნის და სასამართლო სისტემის და პროკურატურის განადგურება საერთოდ. თქვენ არ გამოგიტანიათ ჯერ განაჩენი ამ საქმეზე, ვნახოთ შეგეხებათ თუ არა თქვენც ეს მოხსენიებები. რომ გითხრათ ახლა, რომ იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, არ მაქვს, იმიტომ, რომ უკანონობა ირაციონალური რამ არის და მისი პროგნოზირება შეუძლებელია. რაციონალურად, კანონის ჩარჩოებით რომ ვაყალიბებდე ჩემ მოლოდინებს, არანაირი ალტერნატივა არ აქვს გამამართლებელ განაჩენს, საერთოდ, ეს ბრალი ვერ იარსებებდა პირდაპირ რომ ვთქვათ. […]
მართალი გითხრათ, სულერთია უკვე ჩემთვის რას იზამთ, მე თავს არ ვაღიარებ დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილება იქნება, მე რომ მკითხოთ, ამ ვითარებაში, ამ ხელისუფლების პირობებში, გარეთ რომ ვარ, ეს უფრო დიდი პარადოქსია, ვიდრე შიგნით რომ ვიყო. საერთოდ, მე მგონი, მალე დადგება ის დრო, როდესაც გარეთ ყოფნა პარადოქსული გახდება ამ ქვეყანაში ყველასი, ვინც სხვაგვარად აზროვნებს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
დასკვნითი სიტყვის ბოლოს ნიკა გვარამიამ მოსამართლეს უთხრა, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საკუთარი სინდისი და კვალიფიკაცია უკარნახებს.