რუსმა მორბენალმა უკრაინის ფორმა ჩაიცვა და სოლოვიოვი განარისხა

რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ადგილობრივი მორბენლის საქციელმა, რომელიც ეკატერინბურგში გამართულ მარათონზე უკრაინის გერბიანი მაისურით წარსდგა.

საუბარია ალეკსანდრ ანტონოვზე, რომელმაც მე-2 ადგილი დაკავება მოახერხა, შესაბამისი ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსა. სპორტსმენის მიმართ ლანძღვა-გინების კორიანტელი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

“თავს საოცარი შეურაცხყოფა დამატყდა. ათასობით კომენტარი მივიღე და მათი წაკითხვა არც მიფიქრია, პირდაპირ დაბლოკვა დავიწყე. ცხადია, მათ შორის ბევრი ბოტი იყო, თუმცა, ნამდვილი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ. საოცრებებს წერდნენ. “მოკვდი, საზიზღარო”, – ეს, ალბათ, ყველაზე მსუბუქი გამოხმაურებაა. ასეთ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდი. მე ხაზს ჩემს სპორტულ მიღწევას ვუსვამდი, მათ კი სულ სხვა რამ აინტერესებდათ”, – განაცხადა ანტონოვმა.

თავის მართლება მოუხდა მარათონის ორგანიზატორიც, რომელიც აშკარად შეშინებული იყო: “მან ქურთუკი გარბენის დაწყებამდე 1-15 წამით ადრე გაიხადა. რასაკვირველია, ამის შესახებ სადაც საჭიროა, იქ ვაცნობეთ. სხვა რა უნდა მექნა? მას ძალოვნებმა უნდა მიხედონ. ჩვენს შეჯიბრს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

რუსი მორბენლის გარშემო ატეხილ საყოველთაო ისტერიას მალევე გამოეხმაურა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი, რომელსაც ეკატერინბურგი ისედაც გულზე არ ეხატებოდა და ამასწინათ, მას “საზიზღარი ლიბერასტების ცენტრად” მოიხსენია.

“ამ ადამიანმა ეს ფოტოები ისეთი სიამაყით გვაჩვენა… რატომ? ყველაფერი დაგეგმილი ხომ არაა? ხომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. დარბის და მაისური აცვია, რომელსაც “უკრაინა” აწერია. მხიარული, ბედნიერი. თავისი თავით აღფრთოვანებულია. ეკატერნიბურგზე ნამდვილად სწორი შეხედულება მქონია”, – განაცხადა სოლოვიოვმა პირდაპირ ეთერში.

აღნიშნულ ფონზე, იოლი პროგნოზირებადია, რომ ალეკსანდრ ანტონოვს კარგი არაფერი უნდა ელოდეს. იმ კანონების გათვალისწინებით, რომლებიც რუსებმა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შემოიღეს, არაა გამორიცხული, მორბენალს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდონ.

popsport.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share