ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. ომში ჩართულია არაერთი ცნობილი უკრაინელი ვარსკვლავი, ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე, იარაღით ხელში იბრძვის. ნაწილი მოხალისედ, მუშაობს ან საკონცერტო ტურნეს ფარგლებში თანხას აგროვებს ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.
ამ დროს რუსეთში მოღვაწე უკრაინელი მომღერლების ნაწილმა პუტინის მხარე დაიჭირა, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში მოღალატეებად გამოაცხადეს. მათ შორის იყვნენ ნატაშა კარალიოვა, სტას ბონდარენკო, ლოლიტა და სხვები.
აღსანიშნავია, რომ არიან რუსი ვარსკვლავები, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს უკრაინას მხარდაჭერა და ე.წ. სპეციალურ სამაშველო ოპერაციას, რეალური სახელი – სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდეს.
ანდრეი მაკარევიჩი
რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი 2014 წლიდან გმობს პუტინის რეჟიმს და ომს უკრაინაში. მას არაერთხელ უთქვამს, რომ “უკრაინის გამო სული სტკივა”, რადგან მას მშობლიურად თვლის.
ლია ახეჯაკოვა
მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში. მისი თქმით, უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ დამპყრობლების ტყვიებისგან, რომლებიც პუტინმა მათ დაუმიზნა. იგი ასევე მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის და ამბობს, რომ მისი წყალობით უკრაინა გადარჩება.
მაქსიმ გალკინი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს, მაქსიმ გალკინმა ომი დაგმო. ვინაიდან რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში მოუწია გადასვლა, რათა როგორმე თავი დაეცვა. გალკინი თავისი პოზიციის გამო სამშობლოში “აკრძალეს“, მაგრამ არ ნანობს. შოუმენმა ისრაელში კონცერტები უკვე დააანონსა და თანხის ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადასცემს.
ალექსეი პანინი
მსახიობი ალექსეი პანინი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას სისხლიან ომში. მას არ ეშინია დაპატიმრების და მკაფიოდ გამოხატავს ომის საწინააღმდეგო პოზიციას და გმობს კრემლის რეჟიმს.
ეკატერინე ვარნავა
ტელეწამყვანი ეკატერინა ვარნავა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, მან რუსული სამხედრო ძალის უკრაინაში შეჭრა დაგმო და პუტინი გააკრიტიკა.
ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი
ვარსკვლავურმა წყვილმა დუმილი ომიდან მეექვსე დღეს დაარღვია. ლეონიდმა მოუწოდა ხელისუფლებას უკრაინაში ომის დასრულებისკენ და თქვა, რომ მშვიდობისთვის ლოცულობს. ანჟელიკა ვარუმმა, რომელიც წარმოშობით ლვოვიდან არის, მიმართვა გაავრცელა ორი ქვეყნის ხელისუფლებისადმი. სადაც მოუწოდათ შეთანხმებისკენ, რათა უდანაშაულო ადამიანები არ დაღუპულიყვნენ. ისინი ასევე გამოვიდნენ საქველმოქმედო ონლაინ კონცერტზე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.
Face
რეპერი Face უკრაინის ომს პირველივე დღიდან გმობს. ის გარკვევით ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინას შეუტია. უფრო მეტიც, ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე მან უკრაინელების წინაშე დაიჩოქა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რასაც რუსები აკეთებენ მათ ქვეყანაში.
ლაიმა ვაიკულე
“არა ომს! არა სიკვდილს! გაჩერდი, გევედრები”, – თქვა ომის დაწყების პირველ დღეებში წარმომავლობით ლატვიელმა, თუმცა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ. და დღემდე ის აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ვლადიმერ პუტინის კრიტიკას.
მარია მაშკოვა
უკრაინაში სისხლისღვრას გმობს სერიალების ვარსკვლავი, მსახიობი მარია მაშკოვა. უფრო მეტიც, მან დაგმო პუტინის მომხრე საკუთარი მამა და უარი თქვა რუსეთში მუშაობაზე. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ძალიან ძლიერი პროპაგანდაა, რომელმაც ფაქტობრივად, “ჭკუა გამოაცალა იქაურ მაცხოვრებლებს”.
ambebi.ge