შექმნილ ვითარებაში სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება ქვეყნის გარეთ, ქართულ შიდა პოლიტიკურ ტემპერატურას ქვევით დაწევდა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს “დაძაბუნებული სააკაშვილი რინგზე ჰყავს აყვანილი“.
“სააკაშვილის სიკვდილის ზღვრამდე მიყვანა არ უნდა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ადამიანურად არ უნდა გინდოდეს არავის, მაგრამ სულ თამაშობს სააკაშვილი და ასეთი დაძაბუნებული სააკაშვილიც ივანიშვილს სულ რინგზე ჰყავს აყვანილი იმიტომ, რომ ეს აწყობს ივანიშვილს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
“მუდმივად უნდა იყოს ჩემზე საუბარი, მუდმივად ვიყო მეორე პარტიის ლიდერი და ოპოზიციის ლიდერი“ – ეს ვითარება გვაქვს დღეს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, ეს ვითარება გვაქვს 10 წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილი კიდევ გააგრძელებს ამას, დაძაბუნებულსაც დააყენებს რინგზე, რომ პოლიტიკურად გალახოს.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა მარწუხებისგან გაათავისუფლებს მის პარტიასაც, შესაბამისად ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილსაც. რა ვითარება გვაქვს? ამხელა პარტიაა, ამდენ ხმას იღებს და ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს ის კი არ განსაზღვრავს, ოპოზიციური პოლიტიკის დღის წესრიგს 19 აპრილის შეთანხმებიდან მოყოლებული, დასავლელ პარტნიორებთან ერთად განსაზღვრავენ პატარ-პატარა „არანაცური” პარტიები, ვინც გაბედეს და ხელი მოაწერეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის რაოდენობით პირველი პარტია ოპოზიციაში, არის უკან მიდევნებული ლამპარი იმიტომ, რომ ინტელექტისგან დაცლილი კი არ არის, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორით არის ძალიან შებოჭილი.
სააკაშვილი ბუნებრივია ამ პარტიის დამფუძნებელია და ის იქნება ძალიან ავტორიტეტული პიროვნება რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვარ მომხრე პერსონალური მმართველობის, რომელსაც ახლავს არაფორმალური ნიშნები. იცი რა, თუ ხარ პარტიის ლიდერი, მაშინ იყავი პარტიის ლიდერი, თუ არ ხარ პარტიის ლიდერი, მაშინ იყავი პარტიის ძალიან გავლენიანი მრჩეველი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს წესებით დაცვას სთხოვს, ხოლო თავად წესების გარეშე იბრძვის, ასეთ შემთხვევაში კი „მიშა გარანტირებულად არის სპარინგ პარტნიორი, რომელიც არის პოლიტიკურად გასალახი“.
„მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ნიშნავს, რომ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, რომ მუდმივად რინგზე ჰყავდეს და თან დაძაბუნებული ჰყავდეს და თან თამაშის წესებს არ იცავდეს. მიშას ეუბნებოდე, რომ შენ დაიცავი წესები და მოკრივე იყავი, ხოლო მე ვიქნები ბრძოლა წესების გარეშე, მსაჯი ჩემი იქნება და ყველაფერი ჩემი იქნება, ასეთ რინგზე მიშა გარანტირებულად არის სპარინგ პარტნიორი, რომელიც არის პოლიტიკურად გასალახი.
მეორეს მხრივ, მისი პარტია გათავისუფლდება ამ ერთნიშნანი პოლიტიკისგან და მესამე, სხვა პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიებიც იძულებული გახდებიან, ერთმანეთთან მეტად ითანამშრომლონ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”