“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე უნდა მოიკვეთონ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ პლატფორმაზე უარყოფით პროცესებს ავითარებენ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს ოპოზიციას საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები. მელია ამბობს, რომ ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და კლასიკური ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბა.
“ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები”, – თქვა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ და ახლაც ფიქრობს, რომ ის შეიძლება ბოლო პოლიტიკური პატიმარი არ იყოს.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.