„ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება ხელოვნური მიზეზით“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს ბათუმში, სხვა დანიშნულება გააჩნია და ეს ტურისტული სეზონისთვის ხელისშეშლაა, რასაც ის არ დაუშვებს.
„ტურიზმის მიმართულება არის პრიორიტეტი და როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, არაერთი სიახლე, ინიციატივა გვაქვს და მომავალში მეტი გვექნება. რამდენიმე დღის წინ ყველანი გავხდით მომსწრე, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ბანდის მხრიდან მომხდარიყო სეზონის ხელოვნური დაზიანება. ბოლო სამი წელი მოქალაქეების, ხალხისთვის იყო გამოწვევებით სავსე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და ახლა უკვე ამ ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება ხელოვნური მიზეზით. ყველამ ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილი არ იხდის სასჯელს ბათუმში და მეორე, არც არავინ აპირებს მის გამოშვებას, ვიდრე ბოლომდე არ მოიხდის სასჯელს. ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ მომხდარიყო წარმატებული ტურისტული სეზონის ხელოვნურად დაზიანება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეებს მეტად დაუმძიმოს ისედაც მძიმე ყოფა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხს უჭირდა სესხის გადახდა, შემოსავლები შემცირდა ტურიზმის სექტორიდან, ამიტომ, ყველა, ვინც გაბედავს, ხალხს შეუქმნას ზედმეტი დაბრკოლება, კანონის სრული სიმკაცრით წაიმტვრევს კისერს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
cnews.ge