“ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით…მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება მიხეილ სააკაშვილი…არ შევეგუოთ ამას”- გოშევსკა

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა აცხადებს, რომ ბრალდებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აბსურდულია და რომ არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა ამ საქმეების წარმოებასა და განხილვას. ამ თემაზე მან თბილისში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

გოშევსკამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იღუპება და ამას არავინ უნდა შეეგუოს.

“საქართველოს ციხეში ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს როგორც ჩანს პირველი შემთხვევაა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული. არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებასა და განხილვას, მაგრამ ახალა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა, ასევე მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას”, – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას. 

გარდა ამისა, მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა რუსეთიდან დევნილი ბლოგერის, ინსა ოგუზის საქართველოში არშემოშვების გამო. ის რამდენიმე დღეა, ლარსის გამშვებ პუნქტზეა გაჩერებული და ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ბლოგერს რუსეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share