“ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება”…
“საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს – ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნიათ…
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა ამ გადაწყვეტილების შესახებ ,,კვირის პალიტრას” ესაუბრა:
ძალიან ბევრმა რამემ განაპირობა ის, რაც მოხდა და ახლა მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მუდმივად ჩამოუყალიბებელი ვართ ჩვენს არჩევანში. ამდენმა არასწორმა პოლიტიკამ, არასახელმწიფოებრივმა ხედვამ მოგვიტანა ეს ყველაფერი. იქედან კიდევ ბევრად კარგად ჩანს, ჩვენ დღეს რა მდგომარეობაში ვართ… წარმოიდგინეთ, დღეს, როცა ომია და ძალიან ბევრი რამ წყდება, ახალი ეტაპი იწყება მსოფლიო პოლიტიკაში, ჩვენი როლი ამ დროს მეტისმეტად ბუნდოვანი აღმოჩნდა, თან ამ ოლიგარქიულ ფონზე… ბუნებრივია, შენი პარტნიორი გთხოვს იმ თეზისების და ამოცანების შესრულებას, რის გამოც უნდა მიგიღონ იმ ოჯახში…
“აბა ომი გინდათ?” – არის სუფთა რუსული პროპაგანდა, რომელიც ასე აიტაცეს და ადამიანების გარკვეულ კატეგორიას თავს მოახვიეს! არსებობს ადამიანების კლასიფიკაცია – ინტელექტუალური ნაწილი, შედარებით დაბალი, მაღალი… იმ ფენაზე იმუშავეს, რომელსაც შეგიძლია თავს მოახვიო შენი ყალბი რიტორიკა. ეს პროპაგანდა, ვიმეორებ, არის რუსული და ძალიან მდაბიო, არაფრისმთქმელი! არ მგონია, ისეთ ადამიანებზე ჭრიდეს, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ აქ ომზე საერთოდ არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს საქართველოს ოლიგარქიული, კლანური სისტემა მართავს. რაც ოლიგარქმა ჩამოაყალიბა, მიმართულია იქეთ, რომ ქვეყანა რუსულ პოლიტიკას მიებას და ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება განვვითარდეთ, ცივილური მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია. ეს ძალიან თვალსაჩინოა და არ მგონია, ვინმე მოაზროვნე ომის ძახებას უჯერებდეს. თვითონაც კარგად იციან, რას აჯერებენ საზოგადოებას!
პირიქით, ომი რომ არ გვინდა, მუდმივად შიშის ქვეშ ყოფნა, როდის მოვა რუსეთი და დაგვსჯის, იმიტომაც ვისწრაფით ევროპისკენ… რამდენჯერ დაგვსაჯა რუსულმა პოლიტიკამ? ამ შემთხვევაში პუტინის პოლიტიკაა, სხვა დროს – სხვისი! რუსეთი ასწლეულია ჩვენზე ბატონობს და ძალადობს, არის ძალიან ჩამორჩენილი და მსოფლიოს განუვითარებელი ნაწილი. ახლა ხომ მაინც ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორი მოძალადეა! ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ამ ძალადობისგან თავი დაგვეღწია და მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაგვეკავებინა… მართალია, მსოფლიო რუკაზე ერთი წერტილი ვართ, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, თავი დავიმკვიდროთ და ჩვენს შვილებს კარგი მომავალი დავახვედროთ. კარგ მომავალში ვგულისხმობ კარგ განათლებას, ეკონომიკას, სამედიცინო მომსახურებას… არცერთმა მთავრობამ თავი არ შეიწუხა, ცივილური ევროპისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მართლაც ღირსეული საზოგადოება ვართ, რომელიც ცდილობს მოხვდეს იქ, სადაც მართლაც მისი ადგილია.
კანდიდატის სტატუსიც არის შესაძლებლობა, ეკონომიკურად და სხვა სფეროებშიც უფრო მეტი დახმარება გვექნება… ასეთი დეტალები არ არის დამალული და პოლიტიკა თუ გაინტერესებს, ყველაფერი ნათელია. პოლიტიკა კი უნდა გაინტერესებდეს, რადგან შენი მომავალია და პოლიტიკა არ მაინტერესებსო, ეგ უკვე უგუნური გამონათქვამია! ამით უარს ამბობ შენს მომავალზე! ჩემმა აქაურმა მეზობელმა მითხრა, სამუშაო ადგილები არ არის, მშია, არაფერი გამაჩნია, მაგრამ მართლაც ომი რად გვინდაო… ვუპასუხე, თუ ომი არ გინდა, არც ფული გექნება და ის კლანებიც კი, რომლებიც ასე გატყუებენ და დაგცინიან, მათთვის სულაც არ არის განვითარება საჭირო-მეთქი…
ამ წუმპიდან ჩვენ კიდევ ძალიან დიდხანს ვეღარ ამოვალთ, რადგან უკან დაგვქაჩეს, ჩამოვრჩით და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებია, რომლის გარშემოც რაღაც კლანებია გაერთიანებული! როგორიც არის დღეს პუტინის რუსეთი. მოსკოვს იქით ისეთი სიღატაკეა, ომის დროს რომ უნიტაზებს მოიპარავს მებრძოლი და სახლში წაიღებს, წარმოიდგინეთ, რა მენტალობაა, რა დონის დაჩაჩანაკებული, უბადრუკი მდგომარეობაა…
როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ რუსეთი ვერ განგავითარებს?! თავისი ქვეყანა რაც აქვს, იმაზე უარესს დაგმართებს… ვხედავთ, უკრაინამ რა სიმამაცე გამოიჩინა, როგორ მზად აღმოჩნდნენ ბრძოლისთვის! სიმართლე ვთქვათ, ევროპა დღეს მაინცდამაინც კეთილი თვალით არავის უყურებს, მაგრამ მათ დაინახეს უკრაინის ამხელა ბრძოლისუნარიანობა, თავგანწირვა იმისთვის, რომ როგორმე გამოეღლიტოს იმ მარწუხებს, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია. მოახერხეს და კიდევ ბევრად წინ წავლენ! ვნახავთ, უკრაინა როგორი ქვეყანა გახდება, რადგან იქ მშრომელი, წესიერი და მამაცი ხალხია!
საქართველოში ოპოზიციაც ვერანაირად ვერ დადგა სათანადო სიმაღლეზე! რაღაცას თითქოს ცდილობდნენ, მაგრამ მე მათგან ვერ დავინახე ერთიანი, პატრიოტული სული… ჩვენთან, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ძალიან პატარა ნაწილს აქვს პატრიოტული სულისკვეთება და დანარჩენი საკუთარ თავზე, ძალაუფლებაზე ფიქრობს. მათ მიმართ დღეს ასეთი სიბრაზის განცდა მაქვს!
მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ შუა აზიური ქვეყნის ტიპის მოსახლეობა. აქამდე ყოველთვის ვაპროტესტებდით, არ ვყოფილიყავით ასე ბოლომდე დაჩაგრულები… ოლიგარქიულმა მმართველობამ დღესდღეობით აჩვენა, რომ გაიმარჯვა და აშკარად ჩანს, რომ კიდევ აქეთ დაგვცინის. გული იმაზე მწყდება, რომ ვიღაცები ამ რიტორიკას ყვებიან, ჩვენ ომი არ გვინდა და ასე გვირჩევნიაო… რა გირჩევნიათ? – “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი” მაინც არ გაუგიათ?! ასეთი სიცოცხლე ნაძრახია, აბა, რა არის? თავის ჭკუაზე რომ გატარებენ და მალე კიმ ჩენ ინივით თმის ვარცხნილობასაც კი გაგიკონტროლებენ! ასე იქნები და მერე ევროპაშიც კი შეიძლება სამუშაოდ წასვლა გაგიჭირდეს.
არ ვიცი, ამ ქვეყანას რატომ აქვს ყოველთვის ასეთი გახლეჩილობა. კომფორმიზმი გვღუპავს! ვიღაც სადღაც მიკედლებულია, ორ კაპიკს ხელფასს თუ ქრთამს იღებს და ამით კმაყოფილია, ქვეყანას ყიდის!
ზუსტად ვიცი, სანამ ჩვენი ევროპული მომავალი გაირკვეოდა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ამხელა მედიის მენეჯერი – ნიკა გვარამია გააქცუნეს და ციხეში არაფრის გამო ჩასვეს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი განგებ არის გაკეთებული! ვერავინ დამაჯერებს, რომ ეგ სპეციალურად არ მოაწყვეს. რა დანაშაულზეა ლაპარაკი, რაღაც თითიდან გამოწოვილი, ვერც ხსნიან რას აბრალებენ… მე მომწონს თუ არა ნიკა გვარამია, ეგ უკვე სხვა საკითხია! საერთოდ არ მაქვს არანაირი დამოკიდებულება. მე ვხედავ ადამიანს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. ძალიან მაგრად მართავდა ტელევიზიას, უნიჭიერესი ადამიანია, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, როდესაც იქედან გამოაგდეს, სადაც იყო. ეგონათ ვეღარაფერს მოახერხებდა და უმცირეს დროში ყველაფერი შეძლო.
იმისთვის, რომ ევროპულ ოჯახში არ შევსულიყავით, ეს იყო მოწყობილი ამბავი… ვერასოდეს დავიჯერებ ამ ხელისუფლებისას! ადრე მჯეროდა, რადგან იტყუებოდნენ და ყალბი განაცხადი ჰქონდათ ევროპას მივერთებოდით… ყველაფერი აღმოჩნდა სიყალბე, ფარსი, კობახიძის სიტყვებით რომ ვთქვათ – ფეიკი! დადგება დრო, როცა კუდით ქვას ვასროლინებთ! ამ დღისთვის აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს!” – აცხადებს მაკა ჩიჩუა.