გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
“აბიტურიენტებისათვის, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 21 ივნისის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი აგრეთვე სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც წელს დარეგისტრირებულ 90 000 გამოსაცდელს მოემსახურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან.
დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო სამზადისის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკგვერდებზე.”,- ნათქვამია განცხადებაში.