ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას გზავნილი ნიკა გვარამიას – წერილს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს მეცოლას სახელით, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი სწერს და მადლობას უხდის 2022 წლის 6 ივნისს გაგზავნილი წერილისთვის, სადაც ნიკა გვარამია გაერთიანებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
ჩვენი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს თქვენს შეხედულებას, რომ საქართველო ეკუთვნის ჩვენს ევროპულ ოჯახს. თუმცა, კანდიდატის სტატუსი რთული, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომლის დაჩქარება შეუძლებელია, რადგან გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს– ნათქვამია საპასუხო წერილში.
ევროპარლამენტარი წერილში ნიკა გვარამიას პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც ეხება და წერს, რომ ორივე საკითხს ყურადღებით აკვირდებიან:
“ძვირფასო ბატონო გვარამია, გმადლობთ 2022 წლის 6 ივნისის გამოგზავნილი წერილისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტისადმი, რომელშიც თქვენ მოუწოდეთ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მიეღოთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, რომელთა წინაშე თქვენი ქვეყანა დგას. ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მთხოვა, თქვენთვის მეპასუხა, როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეს.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე უფრო მეტად ვაფასებ თქვენს ინიციატივას, როდესაც ვიცი, თუ რა შემაძრწუნებელია სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ.
ნება მომეცით დაგამშვიდოთ, რომ ჩვენი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს თქვენს შეხედულებას, რომ საქართველო ეკუთვნის ჩვენს ევროპულ ოჯახს. თუმცა, ქართველი ხალხის ევროპული ამბიციების სრული მხარდაჭერისას, კანდიდატის სტატუსი რთული, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომლის დაჩქარება შეუძლებელია, რადგან გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ნებისმიერი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ეყრდნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას, ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით.
თავის მხრივ, ევროპარლამენტმა დღეს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა კომისიის მოსაზრებაში მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ამ ასპექტთან დაკავშირებით, მე მხედველობაში მივიღე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თქვენს საქმეზე 16 მაისს გამოტანილი განაჩენი. ჩემი, როგორც ჩვენი დელეგაციის თავმჯდომარის, უფლებამოსილებაში ცალკეული სამართლებრივი საქმეების შესახებ აზრის დაფიქსირება არ შედის, თუმცა მე მოვისმინე საქართველოს სახალხო დამცველისა და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიერ დასმული კითხვები ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და მე გამოვხატე საკუთარი აზრი შემდგომი შეხვედრების დროს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს ელჩთან/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. ზოგადად, ეს განაჩენი გამოვიდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის განმეორებითი მოწოდების ფონზე. ამასთან დაკავშირებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ“.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს წერილში, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ მისი, როგორც პატიმრის ძირითადი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები (უპირველეს ყოვლისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტი და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაცია) ძალიან ყურადღებით აკვირდებიან თქვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.” ნათქვამია ნიკა გვარამიასთვის გამოგზავნილ წერილში.