„ოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია“ – ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გია ხუხაშვილი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ომის გამო ორი პრობლემა შეექმნა.
„მინდა გაგიზიაროთ ორი თვის აქტიური დაკვირვების და შესაბამისი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები:
წყარო – უამრავი პირდაპირი და ირიბი კომუნიკაცია რუსეთიდან მიგრანტებთან და ზოგიერთი სისტემური სტატისტიკური მონაცემი.
რუსეთის ხელისუფლებას და მის ეკონომიკურ ფრთას ომის გამო შეექმნა ორი პრობლემა:
1. სანქციების გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი და შესაბამისი ფინანსური ნაკადების მართვა
2. რუსეთის ტერიტორიიდან საინფორმაციო ომის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს პრობლემები მოგვარებულიყო სისტემური პლაცდარმების შექმნის გზით მეზობელ ქვეყნებში და ამ მიზნით კარგად სტრუქტურირებული, ჯგუფების დესანტირება „ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის” ლეგენდის ქვეშ. ეს ხალხი დღესაც იქ მუშაობს, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიები თავისუფლად იძლევა.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ კუთხით საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი და შესაბამისად ნაკლები ეჭვის ქვეშ მყოფი ქვეყანა.
თითქოს შეთქმულების თეორიას ჰგავს, მაგრამ თუ თვალს კარგად გაახელთ, დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა…
ოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია, ბევრი ქართველი პარტნიორი და თანამოაზრე გაიჩინა, მუშაობს მტერზე და ელოდება მომენტს, როცა წითელ დროშას ღიად ააფრიალებს…“, – წერს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.