დეგნანის თქმით, დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.
“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი.
ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება: რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას”, – თქვა დეგნანმა.
***
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, “ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა”.
როგორც ყაველაშვილმა წერილში აღნიშნა, “ვერავითარი რუსული რბილი ძალა ვერ შეარყევს საქართველოში აშშ-ის რეპუტაციას ისე, როგორც ელჩის განცხადებები თუ დუმილი”, რომელიც მისივე თქმით, ხალხმა შეიძლება აღიქვას, როგორც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა.
ყაველაშვილი ამბობს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, “რატომ უწყობენ ხელს აშშ-ის დაფინანსებული თუ მათ მიერ მოწონებული NGO-ები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას”. ამასთან, ყაველაშვილის თქმით, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება ელჩი “შინ ევროპისკენ” აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებს აშშ აფინანსებს.