რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდა, ეს მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების კატასტროფულ გაძვირებას გამოიწვევს, რაც მომხმარებლებს ტვირთად დააწვება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კერძოდ, კრემლის ლიდერი, რომელიც დასავლეთის სანქციების დაწესებას ეკონომიკური ომის გამოცხადებას უწოდებს, ამბობს, რომ დასავლეთის მოწოდება რომ ქვეყნებმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ, ნავთობისა და გაზის ფასების მასშტაბურ ცვლილებებს იწვევს.
„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იწვევს უფრო მეტ ზიანს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ აწესებენ. სანქციების გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე – გადაჭარბების გარეშე ვამბობ – კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს გლობალურ ენერგობაზარზე”, – განაცხადა პუტინმა რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრისას, რომელსაც Rosneft-ის აღმასრულებელი იგორ სეჩინი და ვიცეპრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ნავთობ ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ, ასევე მსოფლიოს უმსხვილესი გაზის ექსპორტიორი და მსოფლიოს უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორიც. ევროპა გაზის 40%-ის, ხოლო ნავთობის 30%-ის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. თუმცა დასავლეთის ქვეყნები აქტიურად აცხადებენ, რომ ისინი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ამცირებენ.