მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი – Goldman Sachs საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენციის გაგრძელებას და ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 140-დოლარიან ნიშნულამდე ზრდას პროგნოზირებს.
Goldman-ის ანალიტიკოსების პროგნოზი ეყრდნობა იმ დაშვებას, რომ 2022 წლის ბოლოსთვის წამყვანი ეკონომიკები შედარებით მსუბუქი რეცესიის წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც, სავარაუდოდ, 2-3 კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც არ არის საკმარისი დრო გლობალური ეკონომიკის კრიტიკულად შესამცირებლად და ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრად შესამცირებლად.
ევროპისა და აშშ-ის მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა, ანალიტიკოსები აზიის, კერძოდ, ჩინეთისა და ინდოეთის ფაქტორებსაც ითვალისწინებენ და აღნიშნავენ, რომ ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე საწვავზე მოთხოვნის შემცირება ნაკლებადაა მოსალოდნელი, მიწოდების, კერძოდ, რუსეთის ფაქტორი კი ისევ პრობლემატურად რჩება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) პოზიცია, რომელიც რუსული ენერგორესურსების ჩასანაცვლებლად ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების სათანადოდ გაზრდას არ გეგმავს, რაც, თავის მხრივ, ნავთობის ფასებზე ზეწოლას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრიდან რამდენიმე დღეში ბარელი Brent-ის ფასი 130-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა, თუმცა ამჟამად ის 107 დოლარამდეა შემცირებული, რაც მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდასთანაა დაკავშირებული.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისა და ევროკავშირის ცენტრალური საბანკო-სარეზერვო სისტემები რეცესიის თავიდან არიდებას შეძლებენ, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასები გაიზრდება.