„დღეს მიხეილ სააკაშვილს არ მკურნალობენ, ვიცით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელი ღონისძიებები, რითაც ადამიანის ჯანმრთელობა უჭირავთ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ეკა ხერხეულიძე დამოუკიდებელ დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს მძიმე დაავადებად მოიხსენიებს, რომელსაც საზოგადოებამ უნდა უმკურნალოს.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რომელიც ახლა მზადდება. ვითარება მძიმეა. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ქვეყნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც უნდა ვისაუბროთ, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში არიან და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს წერილობით მიმართავს ყაველაშვილი. ამ ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანა არის ძალიან ცუდად. მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არიან ციხეში და ყაველაშვილი არის სპიკერი, ეს არის ისეთი მძიმე დაავადება, რასაც ყველამ ერთად უნდა ვუმკურნალოთ“, – აცხადებს ენმ-ს წევრი.
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არ ხდება, მისი გადარჩენისთვის აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს აღმაშენებლად მიიჩნევა.
„არანაირი პრეტენზია მიხეილ სააკაშვილს „ვივამედის“ ექიმებთან არ აქვს. დღეს მას მკურნალობა არ ეწევა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელი ღონისძიებები, რითაც ადამიანის ჯანმრთელობა უჭირავთ. იმისთვის, რომ გადარჩეს ადამიანი, აუცილებელია გაყვანა {საზღვარგარეთ}.
12-ვე პუნქტი მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიასაც ეხება. იქ საუბარია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანების ზეწოლაზე. მიტაცებულ ხელისუფლებას ესაუბრებიან ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც უნდა განაპირობოს დეპოლარიზაცია. პოლარიზაცია ასე ცალკე აღებული არაფერი არ არის. ახლა ჩვენს ქვეყანაში არსებობს ყველა იმ პოლიტიკური პრობლემის ერთობლიობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება.
ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველაზე ღია და აშკარა მსხვერპლი არის მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. ადამიანი ჩამოვიდა და ზის ციხეში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება აღმშენებლობასთან, ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებასთან და მილიარდერი ივანიშვილი ასოცირდება ამ ქვეყნის გაღატაკებასთან“, – აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე.