უცნობის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო

13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელიც უცნობის თქმით, ტელეკომპანია მთავარი არხის გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია მთავარი არხის თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით”, – ამბობენ უწყებაში.

***

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები ფარულ მიყურადებაზე საუბრობენ. დღეს პროკურატურამ ფორმულას წამყვან თამარ ჩიხლაძეს სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

საუბარია ეპიზოდზე, რომელიც ჩიხლაძესა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგს ასახავს. ეს საუბარი არა ტელეფონით, არამედ სახლში შედგა.

პროკურატურა კრებსების ფიგურანტებს დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ ანიჭებს, რაც ისინი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს აგზავნიან.

ჟურნალისტებმა სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით გუშინ, 13 ივლისს მიმართეს. 20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიაომბოდსმენმაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს.

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. პროკურატურა შევიდა On.ge-შიც და მასალები მოითხოვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share