“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიასთვის ყალბი ბრალდების საფუძველზე პატიმრობის შეფარდებით სცადა, საქართველოს ევროპული მომავალი “დაესამარებინა”, რასაც აშშ-ის საელჩოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა.
“ბუნებრივია, ყველამ მოსამართლემ კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს კანონმდებლობას და გადაწყვეტილებებს იღებენ არა კანონის, არამედ ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ასეთ შემთხვევაში მათ არ უნდა ჰქონდეთ დასავლურ სიკეთეებზე წვდომის საშუალება. ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ დასავლეთი ამას გაატარებს, იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში ერთადერთ რამეს – ეს არის დემოკრატიის განმტკიცება, რაც ბუნებრივია მოიცავს და მოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ახლა, ამ განცხადებით ლაშა ჩხიკვაძე საერთოდ ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა, იმიტომ, რომ თუკი აქამდე დავალება შეასრულა და ყალბი ბრალდებით დააპატიმრა ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი, ამ განცხადებით ის უკვე ღიად ჩაერთო “ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთი დააშანტაჟოს და პროცესში უკვე “მათ მიერ მართული” მოსამართლეებიც ჩართეს.
“ეს კამპანია დაიწყო გოგა ხაინდრავამ, შემდეგ გააგრძელა ყაველაშვილმა და ე.წ. ტრიომ, თუმცა მერე როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სცენაზე გამოვიდა უკვე ოცნების პარტიის ხელმძღვანელები, საკუთარი სახელით დაიწყეს დასავლეთის ლანძღვა და გადავიდნენ უკვე მოსამართლეებზე და ლაშა ჩხიკვაძე სასამართლო კორპუსიდან პირველი აღმოჩნდა, ვინც ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა. როგორც ჩანს, არ ესმის, რომ დასავლეთი ამ ქვეყანაში მხარს უჭერს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ სასამართლოს და არა მოსამართლეებს, რომლებიც იქნებიან მითითებების და დავალებების შემსრულებელი. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, დააშანტაჟოს დასავლეთი და რატომღაც, მათ გათვლა აქვთ, რომ თუკი მათ მიერ მართულ მოსამართლეებს აალაპარაკებენ დასავლეთის წინააღმდეგ, ეს დააკომპლექსებს ჩვენს პარტნიორებს და მათ არ ექნებათ რეაქცია იმ უკანონობაზე, რაც ქართული სასამართლოს ხელით კეთდება”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ ამ საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.
მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა.