პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ გოგაშვილი მუდმივად შიშში ცხოვრობდა, არ გამოვრიცხავ ჰქონდა უკანონო იარაღი, – აღნიშნულის შესახებ ელისო კილაძემ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კილაძის თქმით, გოგაშვილი გადაადგილდებოდა არა მხოლოდ დაცვის თანმხლებით, არამედ ძალიან მალულადაც.
“ყველაზე პირველი რასაც გავიხსენებ, არის თემირლან მაჩალიკაშვილი, ჩემი ვახა და მედიკო, რას განიცდიდნენ ისინი, როდესაც ზემოთ საწოლში სისხლისგან იცლებოდა გოგაშვილის ბრძანებით დახვრეტილი მათი შვილი. ქვემოთ კი ვახას, მედიკოს და თემირლანის ბებიას იარაღით თავზე ადგნენ ძალოვნები, ასევე, გოგაშვილის ბრძანებით.
არ შემიძლია, არ გავიხსენო მამა გიორგი, რომელიც არის ტყვე პირადად სოსო გოგაშვილის და მის მიერ იქნა ორგანიზებული მისი დაკავება. არ შემიძლია, არ გავიხსენო, ასევე, ბორჯომის ინციდენტი, როდესაც ის უხეშად ერეოდა საეკლესიო საქმიანობაში და ა.შ. ჩვენ ყველამ გავიარეთ ის ბულინგი და ზეწოლა ოჯახის წევრებზე და საკუთარ თავებზე, რასაც ორგანიზებას უკეთებდა სოსო გოგაშვილი ფულით.
პირველი რაც გამახსენდა დაკავების კადრების ნახვისას, იყო ბუმერანგი, იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე ამუშავებდა, დღეს მას მიყოლებით ემიჯნებიან და ლანძღავენ.
მოხდა თუ არა კანონიერად მისი დაკავება? პირველი ის, რომ არსებობს მოსამართლის განჩინება, სადაც სამი მუხლით არის ბრალი წარდგენილი. პირველი – ეს არის პირადი ხასიათის შემცველი ინფორმაციის გამოტანა და გავრცელება. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მუხლში და რა ეპიზოდებია სოსო გოგაშვილის ბიოგრაფიაში გამოძიებაში შეტანილი.
თუმცა, ასეთი ეპიზოდი მის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი და ამისთვის, სხვათა შორის ის საკუთარ ცოლსაც იყენებდა გამტარად და მისი მეშვეობით აწვდიდა ადამიანებს ინფორმაციას. მეორე არის იარაღის უკანონო ტარება. გაუფორმებელ იარაღზეა საუბარი და მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ გოგაშვილს ჰქონოდა გაუფორმებული იარაღიც, იმიტომ, რომ ის მუდმივად ცხოვრობდა შიშში პანკისის ცნობილი სპეცოპერაციის შემდეგ.
გადაადგილდებოდა არა მხოლოდ დაცვის თანმხლებით, არამედ ძალიან მალულადაც. მესამე მუხლი არის ძალიან საინტერესო, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ჩვენ არ ვიცით, აქ რა იგულისხმება. იგულისხმება ცნობილი სპეცოპერაციები თუ იგულისხმება ვაჭრობა კადრებით”, – აცხადებს კილაძე “ტვ პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს, რომლის ამსახველი კადრებიც მედიაში გავრცელდა.
ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.