არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ?! გადააფიქრებინეს – იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

„ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს სურვილის ასრულებაში დაეხმაროს, არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, გადააფიქრებინეს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, სწორ არჩევანს უწოდებს და ამბობს, რომ იმედი აქვს ამ გადაწყვეტილებას არ გადააფიქრებინებენ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება ძალიან დადებითი ქართული პოლიტიკისთვის და დეპოლარიზაცია ქვეყანაში შემცირდება.

„პროცესი სხვაგან უნდა მოხდეს და პროცესი უნდა იყოს შერიგების. ეს უნდა მოხდეს იქ, სადაც მართლა მიიღება გადაწყვეტილება, რომ  დასრულდეს დეპოლარიზაცია. ერთი მხრიდან, ეს მიიღებოდა მიხეილ სააკაშვილთან და მეორე მხარეს, ეს მიიღება ბიძინა ივანიშვილთან.

მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ის, რასაც მისი ადვოკატები ამბობდნენ, დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ნაცვლად იმისა, რასაც სააკაშვილის ადვოკატები დღეს საუბრობდნენ, რომ მიშამ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება გადაიფიქრაო, ახლა არ არის გადაფიქრების დრო, არამედ ზუსტად ამ პოზიციის დაფიქსირების დროა. ეს საჭიროა და ბურთი ხელისუფლების მოედანზე უნდა გადავარდეს. ამის მერე, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ სურვილის ასრულებაში დაეხმაროს. არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ?! გადააფიქრებინეს, არა და სწორ გზაზე დგას.

დარწმუნებული ვარ, ვერ შემოაბრუნებენ. ამხელა პარტიას ასეთი ტიპის ლიდერი რომ ტოვებს, იქ მინიმუმ ამ პარტიის ტრანსფორმაცია მაინც უნდა მოხდეს. სააკაშვილმა ტელეფონს რომ არ უპასუხოს, ჩაიკეტოს და თქვას, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, ისეთი ტიპის ძვრები მოხდება, რომ ეს შეუმჩნეველი არავის დარჩება.

ჩემთვის მთავარი ღირებულება ამ პროცესში არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება ძალიან დადებითი ქართული პოლიტიკისთვის. იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება რაღაცნაირად შევარბილოთ, რაც ევროპელებმა გვითხრეს, ამაზე უკეთესი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? ოღონდ ეს მართლა უნდა მოხდეს და არ არის მარტივი ამბავი.

ოპოზიცია მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ამით არგუმენტს აცლი ხელისუფლებას. შედეგის გარანტია არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად მარჯვნიდანაც უნდა შეუტიო მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც. თუ კარგი გვინდა მისთვის ადამიანს უნდა დავეხმაროთ იმის განხორციელებაში რაც მას უნდა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share