უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ყოველთვიურად 5 მილიარდ დოლარს აღწევს. ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო უკრაინას პრობლემები სოციალური ვალდებულებების შესრულებისა და საომარი მოქმედებების დაფინანსების კუთხით აქვს. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს.
გაზეთის ცნობით, საომარ ხარჯებზე ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 60% მოდის. ამასთან, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ 40%-ით ფარავს სახელმწიფო ხარჯებს. წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდება. „ამის გამო შეიქმნა სერიოზული დეფიციტი, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ უკრაინის „აქილევსის ქუსლი“ გახდეს, თუ ის ვერ შეძლებს სამხედროებისა და ტექნიკის მომსახურების ხარჯების დაფარვას“, – წერს გამოცემა.
გაზეთის ცნობით, უკრაინა დეფიციტის ამოვსებას დახმარებებით ცდილობს, რომელიც ამ დროისთვის არასაკმარისია. როგორც გამოცემასთან ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, სერგეი ნიკოლაიჩუკი აცხადებს, ქვეყანას ყოველთვიურად 3 მლრდ დოლარის დახმარება საშუალებას მისცემს, დაფაროს ყველა საჭირო ხარჯი. დანარჩენი 2 მილიარდის მიღებას კი ფულადი ემისიებიდან შეძლებდა.
ახალ კრედიტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.