თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, აჭარაში, 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების უმეტესი ნაწილი – 36%, გარეთ კვებაზე მოდიოდა, რაც 15 პპ-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
„საინტერესოა, რომ დანახარჯების სტრუქტურა შეცვლილია 2019 წელთან შედარებით. თუ 2019 წელს დანახარჯების უმეტესი წილი მოდიოდა გარეთ კვებასა და აზარტულ თამაშებზე, 2022 წელს გარეთ კვებას სურსათზე დანახარჯები მოსდევს. სურსათზე დანახარჯების ამგვარი ზრდა დიდწილად მიგრაციით აიხსნება.
2022 წლის პირველ ნახევარში, განვლილ სამ წელიწადთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია აზარტულ თამაშებზე დანახარჯების წილი. შემცირებულია დანახარჯები საწვავზეც. ამ უკანასკნელის განმაპირობებელია, პანდემიის შეზღუდვების გამო, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობის შემცირება წინა წლებთან შედარებით“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ჯამურად, აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებში 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდამ 37% შეადგინა.