საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის რაოდენობა 737-ს, ქვეყანაში რეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის მაჩვენებელი კი 4045-ს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესიდან 152 შპს, 585 კი ინდივუდუალური მეწარმეა. ქვეყანაში რეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის საქმიანობის სფერო „საქსტატისთვის“ უცნობია.
რაც შეეხება ბელარუსს, საქარველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესიდან 173 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 3872 კი ინდივიდუალური მეწარმე. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის საქმიანობის სფერო მათთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 1784 ბელარუსული შპს და ინდმეწარმე საქართველოში მარტში დარეგისტრირდა. რაც შეეხება შემდეგ თვეებს, აპრილში დარეგისტრირდა 836, მაისში – 673, ივნისში – 458 და ივლისში 294 ბელარუსული ბიზნესი.