ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა – მამუკა მდინარაძე წალენჯიხის მერს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

„წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და გაათავისუფლა სამსახურიდან“ – ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წალენჯიხის მერმა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მომხრეები სამსახურებიდან გაათავისუფლა.

მისი თქმით ხარჩილავა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ნაცადი მეთოდებით მოქმედებს.

„პირველი, არაფრის გაკეთება, რაც წალენჯიხაში ხდება, არაფერია გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე, პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და გათავისუფლება სამსახურებიდან. წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და გაათავისუფლა სამსახურიდან, არანაირი სხვა ნიშანი არანაირი სხვა მაკვალიფიცირები ნიშანი ამ ადამიანების გამორჩევისა არ ყოფილა. შეგიძლიათ, თავად ნახოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მომხრე, კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ვინ რას აკეთებს, ვინ რას არ აკეთებს, ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ეს არ გვიკვირს, რადგან „ნაცმოძრაობა“ ასე იქცეოდა წარსულში. ვერ მოხდება, მაგრამ თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, მმართველობაში რომ იყოს, დღეს ან ხვალ, ასე მოიქცევა მომავალშიც. ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ადამიანის უფლებები, წამება და უბედურება ბუნებრივი ნიშანია მათი და ისინი ასე იქცეოდნენ, ამის ერთ-ერთი ნიშნი გამოავლინა წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ადამიანები სამსახურიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share