რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუჩერა, მიზეზად კომპანია ტურბინის გაუმართაობას ასახელებს. რუსული მედიით ვრცელდება კომპანიის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხარვეზი სარემონტო სამუშაოების დროს გამოვლინდა.
„ეკოლოგიის, ტექნიკური და ბირთვული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან მიღებულია გაფრთხილება, რომ აღმოჩენილი დაზიანება გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას არ იძლევა. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და გაზის კომპრესორის trent60-ის მუშაობის შეჩერება“, -წერს „გაზპრომი“.
კომპანიის ცნობით, ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე აცნობა Siemens Energy AG-ის აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.
კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო 31 აგვისტოს შეუჩერა. სარემონტო სამუშაოები სამი დღე უნდა გაგრძელებულიყო და 3 სექტემბერს მას კვლავ უნდა დაეწყო მუშაობა – თუმცა 20 პროცენტიანი სიმძლავრით.
ევროკომისიაში კი მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა. განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა გააკეთა.