ობამამ დოკუმენტური სერიალის გახმოვანებისთვის “ემის“ პრემია მიიღო

აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ Netflix– ის დოკუმენტური სერიალის “ჩვენი დიდებული ნაციონალური პარკები“ გახმოვანებისთვის  პრემია “ემი“ მიიღო ნომინაციაში საუკეთესო მთხრობელი.  სხვა პრეტენდენტებს შორის ამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ ბუნებაზე გადაღებული ფილმების შემქმნელი დევიდ ატენბორო, მსახიობი ლუპიტა ნიონგო და ცნობილი კალათბურთელი კარიმ აბდულ–ჯაბარი.

“ემის“ პრემია ამერიკული ოსკარის ეკვივალენტია ტელევიზიის სფეროში.

აქამდე ობამა “გრემის“ ორი პრემიის მფლობელი იყო. პრემიები მან ორი აუდიოწიგნისთვის მიიღო – “იმედის სითამამე“ და “მამაჩემის ოცნებები“, რომლებიც მისი მემუარების მიხედვით ჩაიწერა.

ნეტფლიქსის სერიალი, რომელიც ობამამ გაახმოვანა, აშშ–ს, ჩილეს, კენიის, ინდონეზიის და სხვა ქვეყნების  ნაციონალური პარკების ველურ ბუნებას ეხება.

სერიალის პროდიუსინგი კომპანია Higher Ground–ს ეკუთვნის, რომელიც აშშ–ს ექსპრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ 2017 წელს დააფუძნეს მას შემდეგ, რაც ობამამ პრეზიდენტის პოსტი დატოვა. კომპანია მხოლოდ Netflix-ისთვის ქმნის ფილმებს. ობამების კონტრაქტი კომპანიასთან რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარიანია.

ბარაკ ობამა აშშ–ს მეორე პრეზიდენტია ისტორიაში, ვინც “ემის“ პრემია მიიღო. პირველი 1956 წელს დუაიტ ეიზენჰაუერი გახდა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მან “ემის“ მმართველი საბჭოს სპეციალური ჯილდო მიიღო იმის გამო, რომ 1955 წელს პირველი სატელევიზიო პრეს–კონფერენცია ჩაატარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share