ოზურგეთის მერიამ კურორტ გომისმთაზე შენობა ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კურორტ გომისმთაზე, იმ შენობა ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო, რომელიც მათი ვერსიით უკანონო მშენებლობების რიგს განეკუთვნება.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” “გომისმთიდან მოგვაწოდეს.

წყაროს ინფორმაციით, შენობა ნაგებობების დემონტაჟს ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კიშინსკი ხელმძღვანელობს.

“გურიის მოამბე” ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას ოზურგეთის მერიაში-ხორციელდება თუ არა დემონტაჟი და თუ მიმდინარეობს, რის საფუძველზე-თუმცა მერიის პრეს სამსახური ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისათვის, კურორტ ბახმაროზე მასიური მშენებლობები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა,  და “ქართული ოცნებიდან” მაშინდელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, დაინტერესებულ პირებს დაპირდნენ რომ ყველა მშენებლობა დარეგისტრირდებოდა და მათ კანონიერ კუთვნილებაში გადავიდოდა.

ასეულობით მოქალაქემ შენობა ნაგებობა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, თუმცა არჩევნების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო და გომისმთაზე ქონების დამრეგისტრირებელ 600-ზე მეტ ადამიანს ბრალი თაღლითობაში დადო.

როგორც “გურიის მოამბესთან” რამდენიმე მათგანმა განაცხადა – პროკურორები აიძულებენ მოქალაქეებს აღიარონ დანაშაული და ქონება სახელმწიფოს დაუბრუნონ.

პროკურატურის პოზიციაა, რომ ამ მოქალაქეებმა შეცდომაში შეიყვანეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და ქონება უკანონოდ დაირეგისტრირეს.

არც წულუკიანი და არც ჩიგოგიძე მომხდარზე არანაირ განცხადებებს არ აკეთებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share