ბათუმის მე7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა.
მაია ხაჯიშვილის თქმით, უწყებამ ფაქტის მოკვლევის შემდეგ, დირექტორის მხრიდან კანონდარღვევა დააფიქსირა.
„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილ იქნა დოკუმენტალურად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული სასწავლო რესურსი სკოლის სივრცეში, ვინ არის დამამზადებელი, ვისი ინიციატივით მოხდა მისი დამზადება და სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევისას, იქნება ეს, სახელმძღვანელო თუ დამატებითი რესურსი, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, ვინაიდან, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე, ვსაუბრობთ ბავშვების მომავალზე.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული სკოლის დირექტორი დღესვე, დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას“,-განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა, ერთ-ერთი მოსწავლე, სკოლიდან იმის გამო გარიცხა, რომ სკოლის კედლიდან რუსეთის დროშის გამოსახულებით სტიკერი ჩამოხია. მოგვიანებიტ ეს ინფორმაცია, სკოლის დირექტორმა უარყო და განაცხადა, რომ მოსწავლესთან და მის მშობელტან, მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაცია ჰქონდა.