ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სერიოზულად აფასებს. თუმცა სალივანი იქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება მოსალოდნელი არაა.
სალივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ “ბნელ გზას აირჩევს”, აშშ-ს სათანადო პასუხი ექნება.
გარდა ამისა, სალივანმა თქვა, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შესვლა NATO-ში “სხვა დროს უნდა იქნას განხილული”.
“ახლა მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა ესაა უკრაინაში ადგილზე პრაქტიკული დახმარება და რომ პროცესი ბრიუსელში სხვა დროს უნდა იქნას განხილული”, – თქვა სალივანმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით.