ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საჯარო გზავნილი და ღია მინიშნება სამართლებრივი უფლებების დარღვევაზე. ნიკა გვარამიას საქმეზე შარლ მიშელის წერილის უშუალო ადრესატიც თავად პოლიტპატიმარი მედია მენეჯერია, თუმცა წერილის შინაარსი ასევე განკუთვნილია “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის.
სასჯელის კანონიერება, მისი სახე და ვადები არის მთავარი კითხვები, რომლებიც ევროპელ პოლიტიკოსს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს. შარლ მიშელი განმარტავს, რომ ამ თემებზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე და განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას გვარამიას სასამართლო პროცესზე, რომელიც ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნიკა გვარამიას საქმის მიმდინარეობას. გავეცანით სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც ეჭვს გამოთქვამს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ნიკა გვარამიას საქმეზე როგორც ბრალდების, ასევე სასჯელის კუთხით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის გათვალისწინებით. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყონ სასამართლო სისტემის ინკლუზიური და ყოვლისმომცველი რეფორმა.
ეს პუნქტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და ახლახანს მიღებული, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული.
ევროკავშირი გააგრძელებს ნიკა გვარამიას საქმეზე დაკვირვებას” – ნათქვამია წერილში.