ჯანდაცვის სამინისტროსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი უცხოელი სპეციალისტებისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მაღალი კვალიფიკაციის უცხოელ სპეციალისტებს დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.
“რუსი ოლიგარქი, რუსული ხელისუფლების სულის ჩამდგმელი, მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს. ერთის მხრივ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ნობელიანტი ექიმი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, გუშინ 3 ოქტომბერს ჩამოვიდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისთვის ნებართვა არ გასცა.