მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და პალატაში ამერიკელ ექსპერტებს ელოდება.
კლინიკა ვივა მედში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაშვებას ელის ამერიკელი ნევროლოგი ექიმი ლაჰანი. მიხეილ სააკაშვილს ასევე მოინახულებენ ამერიკელი ადვოკატი და ქართველ ექსპერტები.
ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელის ნობელიანტი ექიმი ჯეიმს კობი. ადვოკატების მტკიცებით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი უცხოელი ექიმის, გასტრო-ენტეროლოგის ლიცენზიის საკითხზე მიმართავენ.
„წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც “ვივამედში” შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს.” ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტი შაჰინ ლახანი დღეს დაამთავრებს თავის კვლევას, ჯეიმს კობი კი კლინიკის ფოიეში ელოდება შესვლის ნებართვას. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი ნობელიანტი ექიმისთვის.
“ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, ასევე მიუღებელია. ექიმები შიშობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ისევ გამოაცხადოს შიმშილობა” – აცხადებს ამერიკელი ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გუშინ, პალატაში ჩატარებული იძულებითი სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. სხდომა მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის გამო, შეწყდა.
ექიმ-ექსპერტების თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი დროულად არ მიიღებს საჭირო მედიკამენტებს, შესაძლოა განვითარდეს ინსულტი, ან ინფარქტი.