მთისპირის საბავშვო ბაღში სიმღერის გაკვეთილები ამიერიდან ინსტრუმენტის თანხლებით ჩატარდება

ქალბატონი ნანი ცეცხლაძე უკვე სამი წელია მთისპირის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელია. ის სოფელი ლიხაურიდანაა და მთისპირში კვირაში სამჯერ უწევს ჩასვლა სიმღერის გაკვეთილის ჩასატარებლად. ზაფხულის არდადეგების შემდეგ სექტემბერში საბავშვო ბაღში დაბრუნებულ ბავშვებს და პედაგოგებს ელექტრო პიანინო დახვდათ ბაღში. ეს კი ნიშნავს, რომ სიმღერის გაკვეთილი და საბავშვო ბაღის ზეიმები ამიერიდან ინსტრუმენტის აკომპანიმენტით ჩატარდება.


„არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა სამსახურიდან მოვდიოდი, გზად მანქანა შემხვდა, გამიჩერეს და ოზურგეთამდე ჩაყვანა შემომთავაზეს. გზაში გავიცანით ერთმანეთი და ბახვი ჰესის მენეჯმენტის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანებს. მათ გამომკითხეს, თუ სად ვმუშაობდი. მოვუყევი ყველაფერი ჩემი საქმიანობის შესახებ და საუბრისას ვახსენე, რომ პიანინო არ გვქონდა. რამდენიმე დღეში ძალიან კარგი სიახლე გავიგე, რომ ჩვენს საბავშვო ბაღს ელექტრო პიანინო შეუძინეს. ამ ადამიანებს ჰქონიათ მომავალი თაობის მიმართ დიდი სიყვარული. ელექტრო პიანინო მოულოდნელი სიხარულია ჩვენთვის, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა საგაკვეთილო პროცესების უკეთესად ჩატარებაში. ბავშვებისთვის დიდი სიხარული მოაქვს ამ ყველაფერს“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნანი ცეცხლაძემ, საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელმა.
მთისპირის საბავშვო ბაღი განთავსებულია ყოფილი ამბულატორიის შენობაში, თუმცა უკვე მზადაა ახალი პროექტი და თანამედროვე, მაღალფუნქციური ბაღის მშენებლობა უახლოეს მომავალში იგეგმება. ამჟამად, საბავშვო ბაღს 21 აღსაზრდელი ჰყავს. დამატებით სამ ბავშვს 2023 წლის იანვრიდან კიდევ ელოდებიან.
„ჩვენს სოფელში ბახვი ჰესის შემოსვლა თითოეულ ოჯახზე დადებითად აისახა. მთისპირის საბავშვო ბაღს შეუძინეს უამრავი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო, პლაზმური ტელევიზორი, ელექტრო პიანინო. ეს ყველაფერი გვეხმარება აღსაზრდელების განათლების მიღების სწორად წარმართვაში, რისთვისაც მთელი საბავშვო ბაღის პერსონალის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბახვი ჰესს“- განაცხადა ლელა ვაშალომიძემ, მთისპირის საბავშვო ბაღის დირექტორმა.
ბახვი ჰესი გარემოს დაცვისა და სოციალური პროგრამირების ფარგლებში აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის ფარგლებშიც მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც მთისპირის საჯარო სკოლასთან, ასევე საბავშვო ბაღთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share