12 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა ე.წ. ბოჩოლების საქმეზე – ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
თავისუფლების ინსტიტუტის კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ მდედრი მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, რომელთა მასაც არ აღემატება 110 კგ-ს, რის გამოც მათ ფინანსური ზიანი ადგებათ.
თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა.
თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება.
25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.